ევროკავშირში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეპ ბორელის მოთხოვნით ევროკავშირის საგარეო კავშირების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, სტეფანო სანინომ ბელარუსის ელჩი ევროკავშირში, ალექსანდრ მიხნევიჩი დაიბარა.

"ელჩი მიხვენვიჩი ინფორმირებული იყო ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ბელარუსის ხელისუფლების ძალადობრივი მოქმედების დაგმობის შესახებ, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს" - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურმა მდივანმა სანინომ ელჩს გააცნო ევროკავშირის პოზიცია, რომ ეს ქმედება ოპოზიციური ხმის ჩახშობის მორიგი უხეში მცდელობაა და ევროკავშირის მოთხოვნაა გათავისუფლდეს რომან პროტასევიჩი.

ბელარუსის ხელისუფლების მოქმედებას ევროპული საბჭო დღეს, 24 მაისს შეხვედრისას განიხილავს. ევროკავშირი განიხილავს ამ შემთხვევაზე საპასუხო მოქმედებებს, მათ შორის პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ზომების მიღებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.

რატომ შეიცვალა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა მიმართულება - BBC-ის სტატია

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს