რატომ შეიცვალა საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალმა Ryanair-ის თვითმფრინავმა მიმართულება - BBC-ის სტატია

თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, ბელარუსში დაჯდა, რომ ბორტზე მყოფი ბელარუსელი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ. ამის შესახებ BBC ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიაკომპანია Nexta-ს განცხადებით, დაკავებულია მათი ყოფილი რედაქტორი რომან პრატასევიჩი.

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ თვითმფრინავმა ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო შეიცვალა მიმართულება, ასაფეთქებელი მოწყობილობა კი ბორტზე არ აღმოჩნდა.

ევროპული ქვეყნები მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა უკვე მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

ბორტზე 171 ადამიანი იმყოფებოდა. Ryanair- მა განაცხადა, რომ ეკიპაჟს ბელარუსმა (საჰაერო მოძრაობის კონტროლი) აცნობა ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ და დაავალა უახლოესი აეროპორტის, მინსკის მიმართულებით გადამისამართება".

BBC წერს, რომ თვითმფრინავი ვებგვერდ flightradar124-ის მიხედვით, ვილნიუსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ბელარუსთან.

Ryanair– მა განმარტა, რომ მინსკში ჩატარებულმა შემოწმებამ საფრთხე ვერ აღმოაჩინა და თვითმფრინავი დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ ადგილზე დაბრუნდა.

რაიანერის განცხადებაში პროტასევიჩი არ არის ნახსენები. Nexta იყო პირველი, რომელმაც ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისმა რედაქტორმა ერთ-ერთი მგზავრის სიტყვები გამოაქვეყნა Twitter-ზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტი თავად გაეცნო მგზავრებს და თქვა, რომ მას მოკლავდნენ.

ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ლუკაშენკომ პირადად გასცა ბრძანება თვითმფრინავის მინსკში ჩაფრენის შესახებ, რადგან ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია არსებობდა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა განაცხადა, რომ ბელარუსის მოქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რეაგირება უნდა იყოს მტკიცე და ეფექტური.

შეშფოთება გამოხატეს საბერძნეთმა და საფრანგეთმაც. პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ კი თქვა, რომ „სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება არის სახელმწიფო ტერორიზმის უპრეცედენტო ქმედება, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება“.

გაეროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ICAO- მ, განაცხადა, რომ შეშფოთებულია „აშკარა იძულებითი დაშვებით”, რომელიც შეიძლება „ეწინააღმდეგებოდეს ჩიკაგოს კონვენციას”, რომელიც ადგენს საჰაერო სივრცისა და თვითმფრინავების უსაფრთხოების წესებს.

Nexta არის მედია, რომელიც ოპერირებს Telegram არხთან და ხელმისაწვდომია Twitter- სა და YouTube- ზე.

BBC წერს, რომ ამ მედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბელარუსის ოპოზიციისთვის არჩევნების დროს.

პოლიტიკოსის და აქტივისტის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თქმით, 26 წლის პროტასევიჩმა ბელარუსი 2019 წელს დატოვა და Nexta– ს საშუალებით გააშუქა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ ბელარუსში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მისივე თქმით, ჟურნალისტს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, რადგან მას ტერორიზმში ადანაშაულებენ.