ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით, დატოვონ ქვეყანა. ამის შესახენ ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ბელარუსის მმართველი რეჟიმი "მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის".
"მოვუწოდებთ ლიეტუვის მოქალაქეებს, უარი თქვან ბელარუსის რესპუბლიკაში გამგზავრებისგან და ასევე მოვუწოდებთ ყველა ლიეტუველს ბელარუსუში დატოვონ ეს ქვეყანა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.