კახა კუჭავა Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებაზე: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა Ryanair-ის ბელარუსში იძულებით დაშვებას Twitter-ში გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამოქალაქო რეისის იძულებითი დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია.

"სამოქალაქო რეისის იძულებითი შეწყვეტა და დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რომ Ryanair- ის ეკიპაჟმა და მგზავრთა უმეტესობამ უსაფრთხოდ მიაღწიეს ვილნიუსამდე", - აცხადებს პარლამენტის სპიკერი.

ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის მინსკში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.