"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა "რუსთაველის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. ისინი "რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ვიკრებთ ძალებს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, რაოდენობრივად ვიზრდებით და ვფიქრობთ, ეს ზრდა გაგრძელდება, ჩვენ ვრჩებით, როგორც გუშინ დავრჩით, "რესპუბლიკის მოედანზე" და ვკეტავთ აქაურობას. ხვალ, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დედაქალაქის მოსახლეობას, ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს. როგორც არ უნდა დავიღალოთ, მთავარია, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, ლოკაციებს, რომლის პიკეტირებასაც ხვალ აპირებენ, სპეციალურად არ ასახელებენ.