შარლ მიშელი: ის, რაც ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია, საჭიროა ძლიერი პასუხი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მინსკში მომხდარი ინციდენტი საერთაშორისო სკანდალია. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

"ის, რაც გუშინ ბელარუსში მოხდა, საერთაშორისო სკანდალია. ამან საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. დღეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ვაპირებთ განვიხილოთ სანქციების სხვადასხვა ვარიანტის დაწესების საკითხი. საჭიროა ძლიერი პასუხი“, - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლის შემდეგ, ის ბორტზე სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით საგანგებოდ დასვეს. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტამდე ავიაგამანადგურებელმა „მიგ-29“-მ მიაცილა. ორსაათიანი შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა და საჰაერო ხომალდი ვილნიუსში გაფრინდა.