ენტონი ფაუჩის არ არის დარწმუნებული, რომ კორონავირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩის "არ არის დარწმუნებული", რომ კორონავირუსი ბუნებრივად წარმოიქმნა და ვირუსის წარმოშობის საჯარო გამოძიებას ითხოვს.

"Covid-19-ის წარმოშობა ჯერ კიდევ ბურუსით მოცულია. ამიტომ, მინდოდა მეკითხა, კვლავ დარწმუნებული ხართ, რომ ის ბუნებრივად განვითარდა?" – "პოლიტფაქტის" წარმომადგენელმა, ქეიტი სანდერსმა ეს კითხვა ენტონი ფაუჩის ონლაინ ღონისძიებაზე დაუსვა.

"სინამდვილეში არა. ამაში არ ვარ დარწმუნებული. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის გამოძიება, თუ რა მოხდა ჩინეთში. გამოძიება უნდა გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში არ დავადგენთ, თუ რა მოხდა. უდავოდ, ადამიანები, რომლებიც ამას იკვლევდნენ, ამბობენ, რომ სავარაუდოდ ის ცხოველთა რეზერვუარიდან წარმოიშვა, რის შემდეგაც ადამიანები დაინფიცირდნენ. მაგრამ, ეს შეიძლება ყოფილიყო რაღაც სხვა და ჩვენ ამის გარკვევა გვჭირდება. მე სრულებით ვეთანხმები ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც ვირუსის წარმომავლობას შეისწავლის" - უპასუხა ფაუჩიმ.