ბრიტანეთმა ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა

დიდმა ბრიტანეთმა Ryanair- ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისა და რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ავიაკომპანიებს დიდ ბრიტანეთში ფრენების განხორციელების ნებართვა შეუჩერა. ამის შესახებ ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი, გრანტ შეფსი Twitter-ში წერს.

შეფსის თქმით, ავიაციის უწყებას ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან არიდების განკარგულება მისცა. მან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაავალა, რომ ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა ბელარუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ, რათა მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ევროპული ქვეყნები და აშშ შეშფოთებას გამოთქვამენ, საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. მანამდე ლიდერებმა ბელარუსის საჰაერო სივრცის დაკეტვა მოითხოვეს.