ავსტრალია ავღანეთში საელჩოს ხურავს

ავსტრალია, 28 მაისს, ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში თავის საელჩოს დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, ავსტრალიის ხელისუფლება უსაფრთხოების არასტაბლურ გარემოს ასახელებს.

როგორც ცნობილია, ავსტრალიელი დიპლომატები ავღანეთში რეგულარულ ვიზიტებს განახორციელებენ, თუმცა რეგიონის სხვა ქვეყანაში გაჩერდებიან.

შესაბამისი განცხადება გამოაქვეყნეს პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა.

”ჩვენ 2021 წლის 28 მაისს დავხურავთ ჩვენი საელჩოს შენობას. ავსტრალიის მოლოდინია, რომ ეს ღონისძიება დროებითი იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ ქაბულში მუდმივად ყოფნას, თუ გარემოება ამის საშუალებას მოგვცემს.

ავსტრალია ავღანეთთან ორმხრივი ურთიერთობების მიმართ ერთგული რჩება და გავაგრძელებთ ავღანეთის სტაბილურობისა და განვითარების მხარდაჭერას სხვა ქვეყნებთან ერთად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავსტრალიამ ქაბულში თავისი საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება ავღანეთიდან NATO-ს ძალების გაყვანის ფონზე მიიღო.

როგორც BBC წერს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავსტრალიამ ავღანეთში თავისი სამხედროების რაოდენობა 1 500-დან დაახლოებით 80-მდე შეამცირა.