ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

როგორც ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპული საბჭო მკაცრად გმობს Ryanair-ის თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებას და ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჟურნალისტ რომან პრატასევიჩისა და მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას დაკავებას.

ევროპული საბჭო მოითხოვს, რომან პრატასევიჩისა და სოფია საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მათი თავისუფლად გადაადგილების გარანტიას.

მოუწოდებს სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, სასწრაფოდ გამოიძიოს უპრეცედენტო და მიუღებელი ინციდენტი.

ასევე, საბჭო გამოდის მოწოდებით, რაც შეიძლება მალე შეადგინონ ფიზიკური და იურიდიული პირების სია სანქციების დასაწესებლად.

მოუწოდებს საბჭოს, შეიმუშაოს უფრო ღრმა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და იწვევს უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას, რომ დაუყოვნებლივ წარადგინონ შეთავაზებები.

ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკავშირში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდავებს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენისგან.

ასევე, მოუწოდებს საბჭოს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენის ასაკრძალად და მათთვის ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შესაზღუდად.

ევროპული საბჭო სოლიდარობას უცხადებს ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გამოძევების გამო.

23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რამან პრტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.