Air France-ი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს დროებით აჩერებს

ჰოლანდიური ავიაგადამზიდი Air France-ი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს დროებით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა,ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ, ევროპის ავიაკომპანიებს მიმართა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე არ გამოიყენონ.

"Air France-მა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს დასკვნები და, შესაბამისად, აჩერებს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას. შემდგომი შეტყობინების მიღებამდე", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში

კომპანიის განცხადებით, თვითმფრინავები, რომლებიც უკვე ჰაერში იმყოფებიან, ფრენის გეგმას შეცვლიან.

ცნობისთვის, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.