თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა

საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. ღონისძიების გეგმით გათვალისწინებული სცენარის ბოლო დეტალები გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეჯერდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„26 მაისს თავისუფლების მოედანზე საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები, სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. დღეს კი, რეკრუტების ფიცის დადების რეპეტიციის პარალელურად საქართველოს ისტორიით, კულტურითა და საბრძოლო დიდებით გამორჩეული კუთხეებიდან თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ფიცის დადების რეპეტიციაც გაიმართა. გენერალურ რეპეტიციაზე კოლოფებად მოწყობილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო სასწავლებლების სამხედრო მოსამსახურეები, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები და აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორები.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო დანადგარები. გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წელს საქართველო ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად ხვდება. შესაბამისად, წინა წლებისგან განსხვავებით თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენა. მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვის შესაძლებლობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექნებათ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ღონისძიება სუ 25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით დაიხურება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს სამხედრო ფიცის დადების ღონისძიებები გაიმართება სვანეთში და ფარავნის ტბაზე - ფოკასთან. ასევე, ფიცის დადების ცერემონია გაიმართება მცხეთაში, თბილისში, აჭარაში და კახეთში - ნეკრესთან.

თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის გამო ხვალინდელი ღონისძიება მოკრძალებული იქნება.

„დღეს თავდაცვის ძალების დანაყოფები გადიან გენერალურ რეპეტიციას 26 მაისთან დაკავშირებით. მინდა წინასწარ მივულოცო მთელ საქართველოს 26 მაისი და განსაკუთრებით თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას, რადგან თავდაცვის ძალები სწორედ ის დანაყოფია, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას უზრუნველყოფს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ხვალ 247 რეკრუტი დადებს ფიცს საზეიმო ვითარებაში. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს ძალიან მოკრძალებულად არის წარმოდგენილი 26 მაისის ღონისძიება. თუმცა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჯავშანტექნიკა, ასევე ღონისძიება დაიხურება სუ-25-ის ტიპის გამანადგურებლების გადაფრენით“, - განაცხადა გოგოჭურმა.

ხვალინდელი ღონისძიებები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიება გაიმართება, რომელიც სამხედრო წესით დაიკრძალება მთაწმინდის პანთეონში. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.