ემანუელ მაკრონი: ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს შეუძლია საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ამის შესახებ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ წერილში აღნიშნავს.

,,ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ვიმყოფებით, გამოცდაა ყველა ქვეყნისთვის. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის შეძლებთ, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ პანდემიით გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ.

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელი მნიშვნელოვანი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რადგან ამ წელს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობის შემდეგ გადასახლებული ქართველების საფრანგეთში ჩამოსვლის ასი წლისთავი. ვისურვებდი, რომ პატივი მიგვეგო ჩვენი საერთო ისტორიის ამ მოვლენისთვის, რომელიც ადასტურებს ჩვენი ორი ხალხის გამაერთიანებელ, ნდობისა და მეგობრობის განსაკუთრებულ კავშირს.

ასევე გამოვთქვამ სურვილს, რომ უკვე სამაგალითო ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა განახლდეს « ამილახვარის » სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც გავხსენით 2019 წლის თებერვალში, თუმცა, რომლის ბოლო რაუნდიც ჯანდაცვის კრიზისის გამო ვერ გაიმართა.

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ დაგიდასტუროთ საფრანგეთის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ", - აღნიშნულია წერილში.