Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა

Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ გამოცემა Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წაიშალა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამის ანგარიში. Alt-info კი ამ ეტაზე დაბლოკილია ფეისბუქზე.

Facebook-ის განცხადებით, ქსელის ნაწილის იდენტიფიცირება ISFED-ის საჯარო ანგარიშების საფუძველზე მოხდა.

ორგანიზაციიაში ამბობენ, რომ 2020 წლის ოქტომბერში ანგარიშების, ჯგუფებისა და გვერდების 14 ქსელი წაშალეს, საიდანაც 8 საქართველოში, მიანმარში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ფიქსირდებოდა, რომელთა სამიზნეც ამავე ქვეყნების მოსახლეობა იყო.

ბოლო სამი წელია, Facebook-ი იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ქსელებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. აქამდე საქართველოში ქართულ ოცნებასთან, სარეკლამო კამპანია პანდასთან, კოკა ყანდიაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები წაშალეს. ოქტომბერში კი სოციალური ქსელის გიგანტმა, თავისი პლატფორმიდან პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ქსელიც წაშალა.