დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 82 წელი სრულდება.
ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა - ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო.
1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მერაბ კოსტავამ - მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ - სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის "ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი.
აღსანიშნავია, რომ მერაბ კოსტავას ხელნაწერების საფუძველზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივშია დაცული, კალიგრაფმა დავით მაისურაძემ ხელნაწერი შრიფტი შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, პროექტი, რომლის ავტორია კომპანია „ჯეპრა“, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დაბადებიდან 82 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს – ეძღვნება.
შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ბმულიდან: https://cutt.ly/1neEr1u.
„მერაბ კოსტავას ხელნაწერები მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ არქივს რუსუდან ბერიძემ 2019 წელს გადასცა. მერაბ კოსტავას მეუღლის თანხმობით შრიფტის მოხაზულობა ქართველი დისიდენტის, პოლიტიკოსისა და პოეტის ლექსების ხელნაწერიდან არის აღებული“, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.