ჩრდილოატლანტიკური საბჭო: ბელარუსმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს რომან პროტასევიჩი და სოფია საპეგა

ჩრდილოატლანტიკური საბჭო მკაცრად გმობს მინსკში Ryanair– ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას და გამოჩენილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის და მისი მეგობრის, სოფია საპეგას დაკავებას. ამის შესახებ განცხადებას ჩრდილოატლანტიკური საბჭო ავრცელებს.

"ამ მიუღებელმა ქმედებამ სერიოზულად დაარღვია სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ნორმები და საფრთხე შეუქმნა მგზავრებისა და ეკიპაჟის სიცოცხლეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სასწრაფო დამოუკიდებელ გამოძიებას, მათ შორის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ ჩატარებულს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოკავშირეების მიერ ინდივიდუალურად და კოლექტიურად განხორციელებულ ზომებს ამ ინციდენტის საპასუხოდ", - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაში.

როგორც საბჭოში აღნიშნავენ, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება პოლიტიკურ აზრთა სხვაობისა და პრესის თავისუფლების პრინციპების შეურაცხყოფს.

"ბელარუსმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ბატონი პროტასევიჩი და ქალბატონი საპეგა. NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და დაიცვან წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ ლატვიას ლატვიელი დიპლომატების გაუმართლებელი გაძევების გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.