"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქცია ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეების აქცია ისევ რიონის ხეობაში გადაინაცვლებს. აქციის მონაწილეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები აიღეს.

აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ აქტივისტები დღეიდან რიონის ხეობაში დაბრუნდებიან და აქციებს იქ გააგრძელებენ, თუმცა აღნიშნა, რომ თუკი საჭირო გახდება, ისინი დედაქალაქში კვლავ დაბრუნდებიან.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, ის დარღვევები, რომლებსაც ისინი უკვე ნახევარ წელზე მეტია აპროტესტებენ, გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშიც. ვარლამ გოლეთიანმა რიონის ხეობაში პროტესტის ფორმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი კომპანია ენკას ტრანსპორტს ხეობაში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ:

"დარღვევები სახეზეა, ჩვენ რასაც ვამბობდით, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშივე წერია მთელი ის ჩამონათვალი რასაც ამდენი ხანი, 212 დღეა ვაპროტესტებთ. გადაიკეტება ხეობაში შესასვლელი გზები კომპანიის მანქანებისთვის მხოლოდ. ბუნებრივია მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება,"- აღნიშნა გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველები დედაქალაქში 23 მაისს ჩამოვიდნენ. ისინი აქციებს რესპუბლიკის მოედანზე მართავდნენ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი.