იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტურ ადგილზე დასახელებული ოთხივე კანდიდატი, თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე XXIX კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა.
ხმათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აბუსერიძე გოჩა - 274 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 283 ხმა, ბადრი შონია - 281 ხმა, თემურ გოგოხია - 278 ხმა.
ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა კორპუსი 326 მოსამართლისგან შედგება, რომელთაგან დღევანდელ კონფერენციაზე რეგისტრაცია 284-მა მოსამართლემ გაიარა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ოთხი ახალი მოსამართლე წევრის არჩევის აუცილეობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მოსამართლე წევრებს: ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძეს და დიმიტრი გვრიტიშვილს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურათ.