პოლონეთის პრეზიდენტი  სოფელ ოძისთან, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის თანხლებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ოძისის მახლობლად ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა პრეზიდენტს არსებული ვითარება გააცნო.

მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა უარყოფით გავლენას, რომელიც აქვთ „ბორდერიზაციის“ ისეთ მოქმედებებს, როგორებიცაა ღობეების ან სათვალთვალო პოსტების დაყენება კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც მათი გადაადგილების თავისუფლებაზეც აისახება.

„მისიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა უარყოფით შედეგებზე, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე, მათთვის სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და ადამიანის უფლებებზე წვდომის კუთხით ოძისის გადაკვეთის კონტროლირებადი პუნქტის განგრძობად დახურვას აქვს.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ისარგებლა შესაძლებლობით და მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტაბილურობასა და ნდობის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის და დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა და დაფასება მისიის საქმიანობის მიმართ.

მისიაში ამჟამად პოლონეთის ჩვიდმეტი მოქალაქე მსახურობს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილე.

მაღალი დონის ბოლო პოლონური ვიზიტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შედგა 2017 წლის მაისში, როდესაც პრეზიდენტი დუდა ეწვია მისიის სათაო ოფისს და 2017 წლის ნოემბერში, როდესაც საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვიტოლდ ვაშკიკოვსკი ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.