როგორ შეუძლია ბაიდენს, დაანახოს პუტინს, რომ ამერიკა დაბრუნდა და მოკავშირე საქართველოს მხარდაჭერა აქვს, - ამ სათაურით გამოცემა Newsweek-ში აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის საავტორო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს ეძღვნება..
"ჩემი საქართველო აღნიშნავს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის იუბილეს. რამდენ ჩვენგანს შეეძლო წარმოედგინა, რომ მხოლოდ სამი ათწლეულის შემდეგ ჩვენი 3.7 მილიონიანი ქვეყანა ახლა აშშ-სა და ევროკავშირის მთავარი მოკავშირე, სტრატეგიული მნიშვნელობის და მუდამ არაპროგნოზირებად შავი ზღვის რეგიონში დემოკრატიული სტაბილურობის საყრდენი იქნებოდა", - წერს დავით ბაქრაძე.
სტატიაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელ შეხვედრაზე, რრომელიც მომდევნო თვეში NATO-ს სამიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს.
როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის საკითხი უნდა წამოწიონ, ასევე გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი რუსეთს, რომ აშშ საქართველოს სრულფასოვანი მოკავშირეა და შავი ზღვის რეგიონის მომავალში ინვესტიცია განახორციელა.
მისი თქმით, ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი იყოს დღის წესრიგში როგორც NATO-ში, ასევე პუტინთან შეხვედრისას.
"საქართველო განაგრძობს რუსეთის მიერ დომინირებისა და დაშინების ყოველდღიური ძალისხმევისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. 2008 წლიდან რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი, რაც ხაზს უსვამს რუსეთის დაუოკებელ აგრესიულ ქცევას მისი მეზობლების მიმართ. რუსეთი და მისი მარიონეტული "მთავრობები" არეულობას ქმნიან საოკუპაციო ხაზთან, ზიანს აყენებენ, უგულვებელყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს მათი მცოცავი ოკუპაციით, უარს ამბობენ, დაექვემდებარონ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს, გავიდნენ და დააბრუნონ უკანონოდ მიტაცებული ტერიტორია. ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს გამთლიანებისთვის უმნიშვნელოვანესია", - წერს დავით ბაქრაძე სტატიაში.
დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედებები მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლება.
"კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ეკონომიკური ძარცვა რუსეთის ხრიკების ნაწილია. რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხვი არა მხოლოდ ჩრდილოეთ უკრაინაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ საქართველოს სამხრეთით, მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც იზრდება. ახლახანს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღში რუსული ”სამშვიდობო” ჯარები იმყოფებიან." - წერს ბაქრაძე.
როგორც ბაქრაძე სტატიაში აღნიშნავს, "მიუხედავად გამოწვევებისა, ქართველი ხალხი მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუციებსა და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, რომელიც ჩვენს ყველა ხალხს აამაღლებს".
"საქართველო აღიარებულია ბიზნესის კეთების ერთ – ერთ საუკეთესო ადგილად თავისი გამარტივებული მარეგულირებელი სისტემით, ბიზნესის წარმართვის საგადასახადო სისტემით და კარგად განათლებული მუშახელით", - ნათქვამია სტატიაში.
ბაქრაძის განცხადებით, დღეს საქართველოს ამერიკა და მოკავშირეები მხარდაჭერისთვის უფრო მეტად სჭირდება, ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო შეთანხმებით, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში მზარდი თანამშრომლობით, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ ვარდნასთან გამკლავებისთვის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.