„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო“, - უწყების განცხადებით, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია.
შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგანს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
„რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამ დროისთვის რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია.
მისივე თქმით, კომპანია „ენკას" ტექნიკას ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.
„იერიში არ მიგვაქვს პოლიციაზე და ბარიკადს იქეთ გადასვლას არ ვცდილობთ. ვეცდებით, რომ მხოლოდ კომპანიას შეეშალოს ხელი, რადგან არ განხორციელდეს ხეობაში მიმდინარე სამუშაო“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათის შესასვლელთან, იმ ტერიტორიასთან დგანან, სადაც ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას" ერთ-ერთი საწყობია განლაგებულია.