უკრაინის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. მას მასპინძლობა სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წეროვანში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და გრიგოლ გიორგაძე.

"უკრაინის თავდაცვის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები მოინახულეს და რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს სპორტული, სავარჯიშო, კალათბურთისა და აკვათერაპიის დარბაზების მონახულების საშუალებაც ჰქონდათ.

მოგვიანებით ანდრი ტარანმა საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვილილსთვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ღირსების მედლით დააჯილდოვა.

მინისტრმა სხვადასხვა ჯილდო თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებსაც გადასცა.

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ანდრი ტარანს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტისთვის, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო კავშირები, მათ შორის, რეაბილიტაციის ცენტრში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიღება გაგრძელდება", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა შავი ზღვის, რეგიონის უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხები განიხილეს

საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი