როგორ მიულოცა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მნიშვნელოვანი თარიღი არაერთმა ქვეყანამ მოგვილოცა. ამ დღეს ქვეყნების ნაწილმა მნიშვნელოვანი შენობები და დაწესებულებები საქართველოს დროშის ფერებში გაანათა.

კანადაში საქართველოს საელჩოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტორონტოს მერიამ პირველად საქართველოს დროშა აღმართა.

ტაშკენტში, ცნობილი სასტუმრო “უზბეკეთი” საქართველოს დროშის ფერებში განათდა...

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრი.

26 მაისს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს დროშა აღმართეს ბრისტოლის მერიასთან ბრისტოლის ახლად არჩეულმა ლორდ მერმა სტივ სმიტმა, ლორდ ლეიტენანტმა ფიჩის გოლდინგმა, ქალაქის შერიფმა სიუ დევისმა, ბრისტოლსა და სამხრეთ დასავლეთ ინგლისში საქართველოს საპატიო კონსულმა დერეკ პიკაპმა, თბილისი-ბრისტოლის ასოციაციის წევრებმა და ბრისტოლის სავაჭრო გილდიის წევრმა ჯეინ ოკლენდმა.

ფრანკფურტში ზაარბრიუკენის მერიის სამრეკლოს მეშვეობით შესრულდა ქართული პოპულარული სიმღერა აკაკი წერეთლის ლექსზე, „სულიკო“. შესრულების პარალელურად გაშვებული იქნა საჰაერო ბუშტები საქართველოს დროშის ფერებით.

დუბლინის ლორდ მერის რეზიდენცია განათებულია ქართული დროშის ფერებში.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვილნიუსის ცენტრალურ „ლუკიშკიოს“ მოედანზე გაიშალა საქართველოს დროშა და საქართველოს დროით 17:10 საათზე (1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდა საქართველოსა და ლიეტუვის ეროვნული ჰიმნები.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, პირველად ორმხროვი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივცემლოდ, აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის სათაო ოფისის შენობა, თბილისის დროით 19:00-20:00 საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ათენის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნის (ომონია) შადრევანი, საქართველოს საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ათენის მერიის მიერ პირველად განათდა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში.

კვიპროსის დედაქალაქში, ნიქოსიაში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა Eleftheria square-ი და ქალაქის მერიის შენობა.

იერუსალიმის კედლები საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, სოფიას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობა, კულტურის ეროვნული სასახლე განათებული იქნა საქართველოს დროშის ფერებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პირველად საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის ისტორიაში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. ბელგრადის მთავარი ღირსშესანიშნაობები: "ავალას" სატელევიზიო ანძა, ქალაქის ორი მთავარი ხიდი - "ადა" და "ბრანკო", ქალაქის ცენტრში მდებარე "სლავიას" შადრევანი, ბელგრადის მთავარი ფოსტის ისტორიული შენობა, ხოლო ქალაქის ცენტრალურ შენობაზე- ალბანეთის სასახლეზე გამოისახა საქართველოს დროშები.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დოჰას შერატონის სასტუმროს ისტორიული შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ანკარაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა თურქეთის დედაქალაქის - ანკარის მთავარი სიმბოლო „ათაქულეს კოშკი“.