სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს

„ჩვენი ერთობლივი ინტერესია, რომ ევროკავშირი შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში აქტიურად შემოვიდეს, რომ გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაში, რეგიონში, ეკონომიკურ პროექტებში შემოვიდეს აქტიურად და ამით მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს, ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი. ასევე, NATO-ში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ 14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის პრეზიდენტი.

ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის მდგომარეობა და ერთობლივად ჩვენთვის იყოს ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და „ღია კარი“, როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ჩვენთვის ასევე ღია იყოს,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, რომ NATO-ს სამიტმა გაითვალისწინოს საქართველოს და უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა