14 ივნისს იმართება ნატო-ს სამიტი, რომელსაც პირველად დაესწრება აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, და ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოსა და მეგობარი უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა და იყოს ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის "ღია კარები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონეთი, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს მიმართულებით არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ერთგული მხარდამჭერი.
ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროინტეგრაციის მიმართლებით საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები იწყება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს.
„ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის, სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებით.
ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობა და ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა.
დღეს გვჭირდება, ასევე ევროკავშირთან მიმართებით ახალი ეტაპები, სანამ ჩვენ მივაღწევთ ბოლო გეგმას - 2024 წელს წევრობაზე განცხადებას და შემდეგ, როცა ეს დრო დადგება, გაწევრიანება. მანამდე ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და ამაზე ვისაუბრეთ, სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად, ამ ეკონომიკურ პროექტებში და ამით მისი გავლენა და პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი, ასევე, NATO-ში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ 14 ივნისს იმართება სამიტი, რომელსაც დაესწრება ამერიკის პრეზიდენტი. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამ სამიტმა და საბოლოო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის და ერთობლივად ჩვენთვის იყოს იქ ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის და "ღია კარი", როგორც ახლო წარსულში გაიხსნა მაკედონიისთვის, ეს კარი ჩვენთვის ასევე ღია იყოს,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ NATO-ს 14 ივნისის სამიტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის.
"ჩვენ, ყველა ჩვენი პარტნიორის იმედი გვაქვს, თუმცა, თუ გვინდა, მიზანს სწრაფად მივაღწიოთ, არა მხოლოდ მათზე, არამედ, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. სიტყვებისა და ლოზუნგების გარდა, აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩვენი ძალისხმევა, მივმართოთ ერთიანობისკენ და, მეორე მხრივ, სტაბილურობისა და დემოკრატიულობის გამყარებისკენ.
ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები: პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროპული სოლიდარობის და მხარდაჭერის პირდაპირი დასტურია", - განაცხადა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.