გოგა ჩანადირის სვეტი
ორიოდე სიტყვა მინდოდა მეთქვა სიძულვილის ენაზე, მომატებულ აგრესიაზე, ამა თუ იმ მიზეზით საზოგადოების დაყოფაზე, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ მაინც სოციალურ ქსელებში იგრძნობა. თითქოს სულ გვიჭირს გაერთიანება რაღაც იდეის, მიზნის ირგვლივ, მაგრამ უფრო გვიჭირს სხვისი აზრის პატივისცემა, მეტიც - ხშირად ოპონენტი მტრადაც მიგვაჩნია, ზიზღით და სიძულვილით ვსაუბრობთ მასზე, იმდაგვარად შევეჩვიეთ მსგავს ამბებს, რომ თითქოს გვგონია, ჩვენი წილი სიმართლის დამტკიცება იმით უფრო დაფასდება, თუ რამდენად აგრესიულები, შეუპოვრები და უკომპრომისოები ვიქნებით ჩვენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან. სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარების დიდი ნაწილი ამდაგვარი ზიზღით და სიძულვილითაა გაჯერებული.
არადა მერე რა, რომ შენ ერთი პარტია მოგწონს, იმას მეორე, მესამე, მეოთხე? მერე, რა, რომ შენი პოლოტიკური გემოვნება განსხვავებულია? ამის გამო, ზიზღი, ადამიანის დამცირება შეიძლება? ამის გამო შეიძლება ეროვნული ენერგიის ასე უმიზნიდ ხარჯვა-გაფლანგვა?
აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირველი სიტყვები იყო ძალიან მნიშვნელოვანი: „მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, არამედ ხედავს ამერიკის შეერთებულ შტატებს. დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა. ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან".
ამით, აშშ-ს 46-ე პრეზიდენტმა, ბიძგი მისცა დაყოფილი საზოგადოების გაერთიანებას, სიძულვილის ენის, ქიშპობის, ქსენოფობიის, ყოველგვარი ,,პარტიზანული'' ბრძოლის განსხვავებული შეხედულებების წინააღმდეგ გამოყენებას და უთხრა ამერიკელებს, რომ მთელი ძალა და ენერგია უნდა მოხმარდეს ქვეყნის გაძლიერებას,მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვას.
არადა, თითქმის არასდროს ყოფილა ჩვენი ბედი ასე ერთმანეთის ბედზე და პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული, როგორც ახლა,ამ პანდემიის დროს.
ამ განსაკუთრებით დაძაბულ და რთული გამოწვევებით სავსე დროს მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ჩვენც ვაჯობოთ საკუთარ თავს, ნუ აღვიქვამთ მტრებად განსხვავებული აზრის მქონეებს.
ნუ დავყოფთ საზოგადოებას ამისტებად და იმისტებად, კარგებად და ცუდებად, ვიყოთ, დე ვიყოთ ერთმანეთისთვის ოპონენტები - ვიმსჯელოთ, ხან დავეთანხმოთ, ხან არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გავლანძღოთ, არ შევიძულოთ ერთმანეთი, დავუტოვოთ ერთმანეთს გზა და საშუალება ერთ მშვენიერ დღეს, საერთო, დიდი იდეის გარშემო გაერთიანებისთვის. ეს იდეა ჩვენი ქვეყნის ძლიერების, ერთიანობის, მშვიდობის იდეაა. დაე, ჩვენი ძალა საკუთარ სახელმწიფოსა და ერს მოვახმაროთ, განსხვავებული გემოვნება? ამაზე მუდამ იდავებენ და ესეც კარგია. რადგან სამყაროს მშვენიერებაც სწორედ მრვალფეროვნებაშია.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას