ანდჟეი დუდა: მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნების გაწევრიანება იმ რეფორმების პარალელურად, რომლებსაც ევროკავშირი და NATO ითხოვენ

ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვაა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ, რომ NATO-სა და ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ პარტიონორობის ქვეყნების გაწევრიანება იმ რეფორმების გატარების პარალელურად, რომლებსაც ევროკავშირი და NATO ითხოვენ. ანდჟეი დუდას განცხადებით, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები წევრობის მიმართულებით და იმედია, რომ ახლა პროცესები მეტად კონკრეტული თარიღებისა და პროცედურული საკითხების განსაზღვრის ეტაპზე გადავა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს საზოგადოებისთვის, ეს არის ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაცია. საქართველოს ამ წევრობის გზაზე უკვე აქვს გადადგმული ნაბიჯები და იმედი მაქვს, რომ ეს გზა იქნება უფრო და უფრო ნათელი რაც დრო გავა და უფრო კონკრეტული თარიღების მითითებას და კონკრეტული პროცედურული საკითხების ეტაპზე გადასვლას შევძლებთ. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ნათლად აჩვენა მისი ჩართულობა და მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, თუნდაც ავღანეთში, NATO-ს ჯარისკაცებთან ერთად, რისთვის მადლობას მოგახსენებთ. ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი მიმართვა ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიმართ, რომ NATO-სა და ევროკავშირის კარი აუცილებლად უნდა იყოს ღია. ჩვენ ველით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების გატარების პირობებში, რომლებსაც ევროკავშირი და NATO მოითხოვენ, მათი მიღება და გაწევრიანება მოხდება.

ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ, რაც არ იყო ადვილი არც პოლონეთში, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ყველა ნაბიჯი ღირდა ამად. მინდა მოვუწოდო საქართველოს საზოგადოებას, რომ გააგრძელოს ძალისხმევა ამ მიმართლებით, რომ განაგრძოს რეფორმების გატარება და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი მომავალშიც იქნება საქართველოს მეგობარი, რომელიც საქართველოს დაეხმარება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანდჟეი დუდა: ქართველებო, გელოდებით NATO-ში