ამნისტიის კანონპროექტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

"ქართული ოცნება" და საპარლამენტო ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე ვერ შეთანხმდნენ. მხარეებს შორის შეხვედრა პარლამენტში გაიმართა, თუმცა, ოპოზიციონერების თქმით, პოზიციები ვერ შეჯერდა. ორივე მხარეს დოკუმენტის საკუთარი ვერსია აქვს.

ოპოზიციური ფრაქციის, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ 19 აპრილის მიშელის დოკუმენტთან შესაბამისობაში ოპოზიციის პროექტია.

„ვერ შევთანხმდით ჩვენს პროექტზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პროექტია სრულ შესატყვისობაში შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებასთან. ჩვენი პროექტით, ამნისტია ორ მუხლზე უნდა გავრცელდეს. მათი [ქართული ოცნების] ვერსიით ამნისტია იმ მუხლებზეც უნდა გავრცელდეს, რომლითაც დღეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს, მაგრამ შეიძლება საქმე შემდგომში აღიძრას. ჩვენი პროექტის შემთხვევაში საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის. აქაც განსხვავებები გვაქვს. ჩვენი პროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების შემთხვევაში, ასეთი თანხმობა საჭიროა და პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს. ამის შესახებ მმართველმა გუნდმა გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გარკვეული ალტერნატიული წინადადება შესთავაზა მხარეებს, თუმცა ეს გაზიარებული არ იქნა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებული ვერსია კომპრომისულია და ორივე მხარის ინტერესებს გარკვეულწილად აბალანსებს.

"პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს შემოთავაზებული ვერსია, რომელიც ჩემი აზრით, არის კომპრომისული, რომელიც ორივე მხარის ინტერესს რაღაც თვალსაზრისით აბალანსებს. ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად დრო არ გვეყო ამ ვერსიის განსახილველად. ამ ვერსიაზე მოგვიწევს მსჯელობა და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ვერსიაზე საბოლოოდ შევთანხმდებით,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული ვერსია ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ შეთანხმებას.

"რაც შემოგვთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ და ზოგადად, რაც მეორე მოსმენისთვის შეიძლება მივიღოთ, ის შეესაბამება შერიგებისკენ მიმავალ გზას. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ მოსმენაზე მას მხარს დავუჭერთ და დაველოდებით მეორე მოსმენაზე იმის ასახვას, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ოპოზიციის ვერსია ჩემი აზრით ეწინააღმდეგება შარლ მიშელის სულისკვეთებას, მას არ დავუჭერთ მხარს,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით იმის მხრიდან, ვის მიმართაც ვრცელდება, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.