ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესახებ იმსჯელეს

Covid19-ის ზეგავლენის შეფასება ეკონომიკაზე, პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იყო მთავარი თემები ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხდომა მთავრობის მეთაურმა გახსნა.

"ინვესტორთა საბჭოს წევრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

საუბარი შეეხო Covid-19-ის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესს. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკაზე Covid-19-ის ზეგავლენის საკითხები და იმსჯელეს მოკლევადიან და საშუალოვადიან ღონისძიებებზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

სხდომაში პირველად მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება.

ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-15 სხდომაში ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.