დავით ნარმანია: თუ ლარის კურსი გამყარდება, მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვის საკითხი, უცხოურ ვალუტასთან მიმართებით ლარის კურსის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული.

"იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მკვეთრად გამყარდება, მარეგულირებელი კომისია „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედავს“, - უთრა მან ჟურნალისტებს 27 მაისს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პანდემიის გამო გაუარესებული ვალუტის კურსის გამო, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც კომპანიის ზარალი გამოწვია.

"ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამიტომ იქნა მიღებული. მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფი დადგინდა 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის განმავლობაში, ასევე მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიიღო კომპანიამ, რადგან ჩვენ მიერ დადგენილ პერიოდში კურსი იყო 2.37, შემდეგ კი, პანდემიიდან გამომდინარე, კურსი გაუარესდა და კომპანია ყიდულობდა ძვირად და იაფად აწვდიდა მომხმარებლებს, ამან გამოწვია მათი ზარალი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, მარეგულირებელი კომისიის 27 მაისის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის გაზის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზრდება. ეს თემა სემეკმა თბილისი ენერჯის მიმართვის საფუძველზე განიხილა. ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრი ეღირება. ახალი ტარიფი 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს.