„პირბადეს ჩვენ დიდი ხნის განმავლოობაში ვერ მოვიხსნით, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის, პირბადე, დისტანციის დაცვა და აცრები, ასევე თავის არიდება თავყრილობებისთვის, ყველა შტამის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი იარაღი არსებობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოში 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, დღეს დადასტურდა ინდური შტამი, რომელმაც ბოლო პერიოდში ყურადღება მიიქცია. ინფიციცრებული 5 მოქალაქიდან, საქართველოს ორი მოქალაქეა, სამმა უცხოელმა დატოვა ქვეყანა. რაც შეეხება ინფიცირებულ ორ მოქალაქეს, მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება და ისინი სახლში მკურნალობენ. კონტაქტები გამოვლენილია და იზოლაციაში არიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, სპეციფიური PCR ტესტით დგინდება ინდური შტამი, თუმცა საბოლოოდ გენომის სეკვენირებით დასტურდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადების სიმძიმეში სხვა შტამებთან შედარებით განსხვავება არ არის.
„ნუ დავპანიკდებით, ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა, მათ შორის იყო მსუბუქი და მუტაცია, რომელსაც მეტი ყურადღება ექცევა. მათზე მეტი დაკვირვება მიმდინარეობს“, - განუცხადა ჟურნალსტებს გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დადასტურებულია, რომ შედარებით მარტივად ვრცელდება ინდური შტამი, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსახლეობაში . „ინდოეთში, სადაც ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით საყურადღებო ვითარება იყო, იქ წამყვანი იყო ბრუტანული შტამი და არა ინდური“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ცნობილია, რომ ინდური შტამის მიმართ ყველა ვაქცინა ეფექტურია. ინდური შმატი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
ამირან გამყრელიძე ინდურ შტამზე: ნუ დავპანიკდებით, ძალიან ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა.