საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები დადასტურდა. რით განსხვავდება ეს შტამი უკვე არსებულისგან და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Europetime-თან იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე საუბრობს.
,,დღეისათვის ვირუსის 7 მუტაციაა ცნობილი, რომელთაც კლინიკური მნიშვნელობა აქვთ. ეს გამოიხატება იმაში, არის თუ არა ეს შტამი უფრო მეტად გადამდები და არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური. ჯერჯერობით, ის ინფორმაცია, რომელიც ინდურ შტამთან დაკავშირებით არსებობს, ადასტურებს, რომ უფრო მეტად გადამდები შტამია ორიგინალ ვარიანტთან შედარებით, იგივე ბრიტანულ შტამთან შედარებითაც, ცოტა ჩამორჩება ბრაზილიურ შტამს.
ინფორმაცია, არის თუ არა უფრო მეტად ლეტალური, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ოქტომბერშია აღმოჩენილი, ამ შტამის ინტენსიური შესწავლა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მარტში, ინდოეთში, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად შეიძლება იყოს დაკავშირებული ინდურ შტამთან. დღეისათვის ინდური შტამი მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში არის აღმოჩენილი, მაგრამ ის არცერთ ქვეყანაში არ არის დომინანტი შტამი.
საქართველოში სულ რამდენიმე, 5 შემთხევევა არის დაფიქსირებული, ქვეყანაში მათგან დარჩენილია 2 ადამიანი, მათი კონტაქტები ცნობილია, მაგრამ ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ის გახდეს წამყვანი, ძირითადი შტამი ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების ძირითადი ნაწილი ბრიტანული შტამით არის გამოწვეული", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
რამდენად საშიშია ვირუსის სხვა ვარიანტებთან შედარებით ინდური შტამი, ივანე ჩხაიძის თქმით, რომ ვირუსის ამ შტამისთვის დამახასიათებელია სწრაფად გადამდებლობა.
,,ჯანმოს კლასიფიკაციით, მეორე შეფასება აქვს ინდურ შტამს, თავიდან სხვა შეფასება ჰქონდა, მაგრამ ორგანიზაცია ახლა მას განიხილავს, როგორც ,,შეშფოთების საფუძველს", ვინაიდან უფრო მეტად გადამდებია.
ადამიანი, რომელიც ინფიცირებულია ინდური შტამით, უფრო იოლად ასნებოვნებს ჯანმრთელ ადამიანებს, ეს არის ძირითადი მიზეზი - უფრო მეტი გადამდებლობა, ეს განიხილება, როგორც ამ შტამის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება.
ასევე არის გარკვეული მონაცემები ლოკალური, რომ ეს შეიძლება უფრო მეტად ახალგაზრდა ასაკში იყოს გავრცელებული, თუმცა ეს ერთ-ერთი კვლევაა, ფართომასშტაბიანი კვლევით არ დასტურდება, რომ უფრო მეტად ახალგაზრდები ავადდებიან.
ის რომ, უფრო მეტად გადამდებია, არის სწორედ ის, რასაც ჯანმო განიხილავს ,,შეშფოთების საფუძველს", ვინაიდან უფრო მეტად გადამდებობა ნიშნავს, უფრო მეტ ინფიცირებულს, აქედან გამომდინარე, შეფასება - ,,შეშფოთების საფუძველი“ სავსებით რეალურია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ასევე გასცემს რეკომდენდაციას და აღნიშნავს, რომ ინდურ შტამის საქართველში დაფიქსირება ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.
მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ოთხივე ტიპის ვაქცინა მოქმედებს კორონავირუსის ინდურ შტამზე.
,,ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოშია, მოქმედებენ ინდურ შტამზეც, განსაკუთრებით ეს ეხება Pfizer-ის, AstraZeneca-ს ვაქცინებს, რომელთა მოქმედება დადასტურებულია. ასევე არსებობს ანალოგიური ინფორმაცია Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებთან დაკავშირებითაც, შესაბამისად, ინდური შტამი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ვაქცინაციის მნიშვნელობას და ამ მხრივაც მისი გამოჩენა საქართველოში ნიშნავს, რომ დგება დრო ვაქცინის უფრო მეტი მოწოდების და უფრო მეტი ადამიანის ვაქცინირება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფექციის მკვეთრი გავრცელების თვალსაზრისით. ასევე, ამ შტამის გავრცელება და მისი თავისებურება ნიშნავს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ნიღბის ტარების აუცილებლობა.
ისეთ შემთხვევაში, როდესაც აშშ-ში პირველად გავრცელდა ბრიტანული შტამი, იყო რეკომენდაცია ორი ნიღბის ტარებისა, რაც აუცილებელია, თუ ჩვენ საქმე გვაქვს შტამთან, რომლის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია.
ამიტომ ნიღბის გამოყენება, დისტანცირება, ვაქცინაცია, ეს არის ის ღონისძიებები, რაც ახლა მაინც უნდა იყოს აქცენტირებული. ჩვენ არ ვამბობთ და არც გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ინდური შტამი გახდება დომინანტური, ანუ ის ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს, ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში ბევრი ადამიანი შემოვიდეს ამ შტამით დასნებოვნებული.
ჩვენ ინდოეთთან მიმოსვლა აკრძალული გვაქვს, თუმცა შესაძლოა, მესამე ქვეყნებიდან შემოვიდნენ ეს ადამიანები, ეს არ ეხება ბრიტანულ შტამს, რომელიც უფრო ადვილად შემოვიდა ქვეყნაში, ვინაიდან ევროპასთან გაცილებით ინტენსიურია ჩვენი მიმოსვლა.
არ არის მოლოდინი, რომ ინდურმა შტამმა შესაძლოა, ბრიტანული ჩაანაცვლოს და გახდეს წამყვანი საქართველოში, თეორიულად დასაშვებია, პრატიკულად არა. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ალბათ შეუძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყურადღებით არ უნდა ვიყოთ. ამ შტამის უფრო მეტად გავრცელების ალბათობა ნამდვილად არსებობს, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის