ანდრიუს კუბილიუსი: ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი, მნიშვნელოვანია რუსეთთან ჩვენი სტრატეგიისთვის

„ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) მნიშვნელოვანია რუსეთთან ჩვენი სტრატეგიისთვის, რადგან ასეთი წარმატება შთააგონებს რუს ხალხს იგივე დემოკრატიული ცვლილებებისკენ რუსეთში“, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი განცხადებაში საუბრობს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის მნიშვნელობას ასახავს.

„როგორც ცოტა ხნის წინ განაცხადეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენებზე, კრემლს ძალიან ეშინია ევროკავშირის პოლიტიკის, რომელიც რუს ხალხს შთააგონებს ევროპული გზისკენ. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ეს ინსპირაცია. ამისათვის საჭიროა ყოვლისმომცველი სტრატეგია და მე მჯერა, რომ ევროპარლამენტი დადებით როლს შეასრულებს ამ სტრატეგიის შემდგომ შემუშავებაში.

გასული წლის განმავლობაში, რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების მთავარ წარმომადგენლებთან, ევროპელი მეგობრების ფორუმის არაფორმალურ შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ მრავალი ასეთი წინადადება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გუშინდელი კომიტეტის სხდომაზე კოლეგებმა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოხატეს მხარდაჭერა“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ურთიერთობებისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო ამბიციური მიდგომის მნიშვნელობაზე ანდრიუს კუბილიუსმა რამდენიმე კვირის წინ Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია.

როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ.

მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით.

აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობისთვის ახალ სტრატეგიას სთავაზობს