ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიას წევრობა შეუჩერა

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) აღმასრულებელმა კომიტეტმა, ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. განცხადებას ამის შესახებ EBU ავრცელებს.

"დღევანდელ შეხვედრაზე EBU–ს აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო, გადაწყვეტილება შეუჩეროს ბელარუსის ტელე-რადიოკომპანის წევრობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის მაუწყებელს პასუხისთვის ორკვირიანი ვადა ეძლევა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ძალაში შევა.

"ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ბელარუსში მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მუდმივად მოუწოდებდა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიას, როგორც "ევროპის მაუწყებელთა კავშირის" წევრს, დაიცვას სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ჩვენი ძირითადი ღირებულებები", - ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ EBU- ს გადაწყვეტილების მიზეზი, იყო "ინტერვიუების ტრანსლაცია, რომელიც აშკარად იძულებით იყო მიღებული".

ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, ამ საკითხზე ორგანიზაცია ასევე თვალს ადევნებდა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის სხვა გადაცემებსაც, რამაც გამოიწვია სხვა სერიოზული და განსაკუთრებული შეშფოთებები.

"ამ განსაკუთრებული მოვლენების გათვალისწინებით, აღმასრულებელ საბჭოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა ევროპის მაუწყებელთა კავშირში ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის წევრობის შეჩერების ინიციატივის დაყენებისა", -ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.