DRI: წყლის ჭავლის გამოყენება უკანონო, დაუსაბუთებელ, არაპროპორციულ ღონისძიებას წარმოადგენს

ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან შეკრებილიდემონსტრანტების დარბევას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტთა მიმართ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და შეკრების არაძალადობრივი ხასიათიდან, ასევე, მომიტინგეთა რიცხოვნობიდან გამომდინარე, უკანონო, დაუსაბუთებელი და ცალსახად არაპროპორციული იყო.

მათი განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცრემლსადენი გაზი და წყალსატყორცნი არის აქტიური სპეციალური საშუალება. ასევე, პოლიციას ეკისრება აღნიშნული სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გაფრთხილებისა და კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად დემონსტრანტებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის ვალდებულება.

"მოცემულ შემთხვევაში, როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლების, ასევე, მედია საშუალებების მეშვეობით გადმოცემულ მასალებში, არ იკვეთებოდა რომელიმე სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აღნიშნული ღონისძიებებისაწყის ეტაპზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე განახორციელეს". - წერია DRI-ს განცხადებაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს:

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ განცხადებას აქციის დაშლის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული აღიქმება პირდაპირ მითითებად არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე

დაუყოვნებლივ მიიღონ ყველა ზომა სიტუაციის განსამუხტად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაქცევად

დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე.

ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს:

იმოქმედონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით და მოერიდონკანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს და ბოიკოტს უცხადებს. პროტესტის ნიშნად აქცია 8 ნოემბერს, 15:00სთ-ზე დაიწყო, სადაც ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნები წაუყენა. ერთ-ერთი მათგანი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები იყო. დათქმულ დროს, მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, რისკენაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს. ადგილზე მისული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ კი, გაფრთხილების გარეშე, წყლის ჭავლის გამოყენება მოხდა. ცესკოსთან მყოფი პირების ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის გამოყენებასაც. წყლის ჭავლის ხელმეორედ გამოყენების შემდეგ კი, ლიდერებმა აქციის დასრულება გადაწყვიტეს და მხარდამჭერებს, 9 ნოემბერს, 18:00სთ-ზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.