აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონის დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

"აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და კრემლის მავნე გავლენის შეკავებას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას. უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, საიმედო და დაბალანსებული მედიის ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს, შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში. ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და განახლებადი ენერგიის განვითარებას, რეფორმების გატარებას, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისთვის, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას. ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. აგრეთვე, გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას და რუსეთიდან მომდინარე მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.