სენატორი შაჰინი: აშშ მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება რეალობად იქცეს

„აშშ მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება რეალობად იქცეს“, - ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტამდე გაკეთებულ განცხადებაში საუბრობს.

მისივე თქმით, ამ ორპარტიული ვიზიტის მკაფიო გზავნილია, რომ შეერთებული შტატები კვლავ მზად არის,აღადგინოს "ჩვენი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები და დაადასტუროს აშშ-ის გლობალური ლიდერობა დემოკრატიული ღირებულებების ხელშესაწყობად".

„რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი და ქართველი ხალხის მიმართ და მოვუწოდოთ პოლიტიკურ ლიდერებს, გააგრძელონ საჭირო რეფორმები, რაც გააძლიერებს დემოკრატიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს სურვილს, მიაღწიონ ევროატლანტიკურ მიზნებს. ამერიკის შეერთებული შტატები მოწადინებულია, მხარდამჭერი როლი შეასრულოს იმისთვის, რომ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა რეალობად იქცეს", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

სენატორები საქართველოს 2-4 ივნისს ეწვევიან.

ამერიკის საელჩოს განცხადებით, სენატორები საქართველოს ეწვევიან ორპარტიული გზავნილით - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას, გააძლიეროს დემოკრატია.