ამირან გამყრელიძე: ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა, კვლევაშიც არ არის საეჭვო შემთხვევები

"ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დადასტურებულა და კვლევაში არც საეჭვო შემთხვევები გვაქვს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა უკვე დატოვა სამმა პირმა, რომელთაც ინდური შტამი აღმოაჩნდათ.

"ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადასტურებულა. გარდა იმ ხუთი შემთხვევისა, რაზეც განცხადება გავაკეთეთ, ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ინდური შტამით ინფიცირებულებიდან სამმა დატოვა საქართველო და კლინიკურად ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ შემთხვევებში, არაფერი განსხვავებული სიმპტომი არ ყოფილა, ყველგან მსუბუქად მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე, კვლევაში აღარ არის ე.წ. საეჭვო შემთხვევა", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დადასტურდა.

ინფიციცრებული 5 მოქალაქიდან, საქართველოს ორი მოქალაქეა, სამმა უცხოელმა უკვე დატოვა ქვეყანა.