სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან არსებული სასაზღვრო მონაკვეთიდან ჯარები გაიყვანოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"მივესალმები ეუთოს "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარეების განცხადებას. ეს ჩვენთვის არსებითად მისაღებია... ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავიწყოთ ჯარების გაყვანა და ველოდებით ეუთოს "მინსკის ჯგუფის" შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომ მათაც დაიწყონ ჯარების გაყვანა", - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ერევანი მზადაა ეუთო-ს „მინსკის ჯგუფის“ დახმარებით, დაიწყოს სამუშაოების შესრულება საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციისთვის და ამავე დროს, სომხური მხარე ამ ორგანიზაციის ეგიდით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის საკითხზე მოლაპარაკებების განახლებას ელის.