ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექვსი ტრილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელმწიფო ვალი 2031 წლისთვის მშპ-ის 117 პროცენტს შეადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს არსებულ დონეს აღემატება.

ბიუჯეტის პროექტი კორპორაციებისთვის და მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების ზრდას ითვალისწინებს. პროექტი ასევე მოიცავს სოციალური პროგრამების ხარჯების გაზრდას და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში ინვესტიციებს.

არსებული გეგმა პენტაგონისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საოპერაციო ხარჯებისთვის 1,5 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს. 2,3 ტრილიონი დოლარი - დასაქმების გეგმისთვის და 1,8 ტრილიონი დოლარი ოჯახების დახმარებისთვის.

ბიუჯეტის პროექტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის 88 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს