ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ ოფიციალურად დააფუძნა

„ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“, - ამ სიტყვებით წარადგინა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მისი ახალი პარტია „საქართველოსთვის” ოფიციალურად დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას და მთავარ ლოზუნგად - „სიმართლე და ქმედება“ დაასახელა.

30 წუთიან სიტყვით გამოსვლამდე გიორგი გახარია პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მისი განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება ის გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი და უნარი შესწევს, სიმართლე უთხრას საქართველოს მოქალაქეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ყოფილი პრემიერის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმია.

„ნებისმიერი ახალი ხელისუფლება, პირველი რასაც აკეთებდა, დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას იმისდა მიუხედავად, რამდენად გონივრული, ან კარგი იყო ეს შთამომავლობა და ეს იყო ყველაზე ძირითადი მიზეზი, ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის.

ჩავთვალოთ, რომ ჩვენ, ყველანი ვაშენებთ სახლს, ჩავთვალოთ, რომ თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინაპრების დატოვებულ ფუნდამენტს. ჩვენ იმის ტყვეობაში ვჩებით, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში, ცათამბრჯენების ეპოქაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყოფილი პრემიერის თქმით, ქვეყანაში არის სიმართლის დეფიციტი. ამიტომ „სამართლიანი წესრიგის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ეფექტიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის, სასამართლო რეფორმის, განათლების რეფორმის და სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ყოფილმა პრემიერმა გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა და სიტყვის ამავე ნაწილში დაამატა, რომ თავად არის ნაწილი წარმატების და წარუმატებლობის - „ამიტომ ვდგავარ აქ“, - დაამატა გახარიამ.

„მოქალაქეების პრობლემებს დაშორდა პარტია და პარტიული ინტერესები სახელმწიფო ინტერესებსზე მაღლა დააყენა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„გადავდექი იმიტომ, რომ რვაწლიანი მმართველობის შემდეგ, მმართველი პარტია თავის თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიტყვის ბოლოს გუნდის წევრები წარადგინა, მათ შორის არიან ნათია მეზვრიშვილი, ლევან დოლიძე, ბექა ლილუაშვილი, გიორგი აბაშიშვილი, ალექსანდრე მოწერელია.

გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

გიორგი გახარია: პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, უახლოეს მომავალში ყველაფერს დეტალურად გაგიზიარებთ

გიორგი გახარია: ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა