თურქმენეთის პრეზიდენტის ბრძანებით, მისი გარდაცვლილი მამის ხსოვნის საპატივსაცემოდ, სახელმწიფო მოხელეებს თავის გადაპარსვა და ნაციონალური ქუდის - ტუბეტეიკას დახურვა დაევალათ. ამის შესახებ ინფორმაცია ,,რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თურქმენეთში ეს წესი შემოიღეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ბერდი მუხამედოვი ხალხში ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა მამის გარდაცვალების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ზოგიერთ სოფელში თურქმენეთის პრეზიდენტის მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამსახურში მყოფი ქალები გლოვის ნიშნად ატარებენ შავ მაქმანებიან თავშლებს.
ხოლო თავად გურბანგული ბერდიმუხამედოვი საჯარო ღონისძიებებზე დადის შავი ფერის ლიმუზინით, მიუხედავად იმისა, რომ თავად მისი ბრძანებით ქვეყანაში მუქი ფერის ავტომობილებზე 2015 წლიდან მოქმედებს არაოფიციალური აკრძალვა.
ცნობისთვის, 88 წლის მიალიგკული ბერდიმუხამედოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თადარიგის ოფიცერი, 18 მაისს გარდაიცვალა.
მამის გარდაცვალების შემდეგ თურქმენეთის პრეზიდენტი შვიდი დღე არ გამოჩენილა საჯაროდ და სახელმწიფო ტელევიზიაში.