ბერლინში ინტერრელიგიური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო, სადაც სინაგოგა, მეჩეთი და ეკლესია ერთ სივრცეში გაერთიანდება

The Guardian-ის ინფორმაციით, ბერლინში, საფუძველი ჩაეყარა ინტერრელიგიური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს ეკლესიას, მეჩეთსა და სინაგოგას.

როგორც გამოცემა წერს, რელიგიური კომპლექსის სახელწოდება იქნება ,,ერთი სახლი", რომელიც აიგება ბერლინის შუაგულში, XIII საუკუნის ეკლესიის ადგილას, რომელიც 1964 წელს აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია.

პროექტის სათავეში იმამი, პასტორი და რაბინი დგანან. აღნიშნულ იდეაზე დისკუსია მათ დიდი ხნით ადრე დაიწყეს, შემდეგ ტერიტორია მოინიშნა, მიმდინარე კვირაში კი კომპლექსის პირველი აგურიც დაიდო.

იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ წლების წინ დაბადებული იდეის განხორციელება გააღრმავებს ურთიერთგაგებას როგორც სამი რელიგიის წარმომადგენლებს, ისე სხვა მორწმუნეებსა თუ არამორწმუნეებს შორის.

პროექტისთვის, ჯამში, €47 მილიონის დახარჯვა იგეგმება. €20 მილიონი გერმანიის მთავრობამ გამოყო, კიდევ €10 მილიონი კი ბერლინის თვითმმართველობამ. €9 მილიონი პროექტმა შემოწირულობებით მიიღო და ასე იგეგმება დარჩენილი თანხის შეგროვებაც. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.