წაულების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დანიის გარდა, კიდევ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეშფოთებას იწვევს ვირუსის დანიაში დაფიქსირებული მუტაცია – ე.წ. "კერა 5", რომლითაც ჩრდილოეთ იუტლანდიაში უკვე 12 ადამიანი დაინფიცირდა.
მას შემდეგ, რაც დანიიდან მოვიდა ცნობები მუტირებული კორონავირუსის წაულებიდან ადამიანზე გადაცემის თაობაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები კიდევ 5 ქვეყანაში – ნიდერლანდებში, იტალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და აშშ-შია გამოვლენილი.
"Cluster 5" - ახალი საფრთხე
ამასთან, ჯანმო-ს ინფორმაციით, ხსენებულ ქვეყნებში აღრიცხულ ყველა მსგავს შემთხვევაში, ერთის გარდა, ვირუსი, რომლითაც წაულები დაავადდნენ, SARS-CoV-2-ის სხვა გავრცელებული შტამების მსგავსია და შეშფოთებას მხოლოდ ერთი უნიკალური მუტაცია იწვევს, რომელიც დანიაში გამოვლინდა და "კერა 5" ("Cluster 5") ეწოდა. მუტაციისა და ცვლილებების მასში აღმოჩენილი კომბინაცია დღემდე უცნობი იყო, ამდენად, მისი შესაძლო შედეგები დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ვაქცინაციისთვის ჯერ-ჯერობით შესწავლილი არ არის. მეცნიერები შიშობენ, რომ “კერა 5”-მა შესაძლოა, მომავალი ვაქცინის ეფექტურობაზე იქონიოს გავლენა.
დანიაში ვირუსის ამ ნაირსახეობით 12 ადამიანის ინფიცირების შემთხვევებია აღრიცხული, ყველა ინფიცირებული ჩრდილოეთ იუტლანდიის მკვიდრია, მათგან 8-ს კავშირი ჰქონდა წაულის ფერმებთან.
წაულები შესაძლოა, ადამიანისგან ინფიცირდებოდნენ
ჯანმო-ს ინფორმაციით, აღრიცხულია ადამიანებსა და ცხოვრელებს შორის კორონავირუსის გადადების, ასევე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისგან წაულების ინფიცირების შემთხვევებიც.
ჯერ კიდევ 4 ნოემბერს კოპენჰაგენში ხელისუფლებამ ქვეყნის მეცხოველეობის ფერმებზე ყველა წაულას განადგურების ბრძანება გასცა. ჩრდილოეთ იუტლანდიაში კორონავირუსის ამ სახეობის გავრცელების თავიდან ასაცილებლად შემოღებლია მკაცრი ზომები, რიგ თემებში მასობრივი თავშეყრის ყველა ადგილი დაიკეტა.
7 ნოემბერს, დილით დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანაში შესვლა აკრძალა ყველა დანიელისთვის, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში მუდმივად ბინადრობის უფლების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნია, ასევე დანიის გავლით, ტრანზიტით შემსვლელი უცხოელებისთვის. დანიიდან დაბრუნებულ ბრიტანელებს კი 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი აქვთ დაწესებული.
დანია მსოფლიოში წაულას ბეწვის უმსხვილესი მწარმოებელია. ქვეყანაში ამ მიმართულებით 1139 ფერმა მუშაობს, რომლებშიც ჯამში დაახლოებით 15-17 მილიონი წაულა ბინადრობს. კოპენჰაგენის ცნობით, 200-ზე მეტ ფერმაში ცხოველები მასობრივად გაწყვიტეს მას შემდეგ, რაც იქ კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ივნისის დასაწყისში კი ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ნიდერლანდებშიც, რომლის ფერმებში კორონავირუსის აფეთქებები ასევე გამოვლინდა.