ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რიონის ხეობაში საჭიროების შემთხვევაში, სპეცრაზმი გაზს და წყლის ჭავლსაც გამოიყენებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რიონის ხეობაში თუ საჭირო გახდება სიტუაციის განსამუხტად სპეცრაზმი გაზს და წყლის ჭავლსაც გამოიყენებს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რაც შეეხება „ნამახვანჰესს“, უკვე რამდენიმე თვეა ადგილზე დგანან პოლიციელები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს ამ დრომდე ნამდვილად არ მომხდარა, იცავდნენ აქციის მონაწილეები დისტანციას და იყვნენ ძალიან წყნარად. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს. რკინის ჯებირები დაგვჭირდება თუ დაბალი ჯებირი, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება [ყველაფერს გამოვიყენებთ].

იცით, რომ ტექნიკა დაუწვეს ერთხელ [კომპანიას], მოხდა შეხლა-შემოხლა, მუშებთან და „ენკას“ ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალქეები.

სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც მუხტავენ. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.