თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი.