ამირან გამყრელიძე: თუ ქვეყანაში ორჯერადად აცრილი ადამიანი შემოდის, მას ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება

თუ საქართველოში შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას ნეგატიური PCR ტესტის წარდგენა მაინც დასჭირდება. ამის შესახებ დაავადაებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ ადამიანი საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით შემოდის, მას 72 საათში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი PCR ტესტის ჩატარება მოუწევს.

"შემოსული ტურისტებისთვის აუცილებელია ნეგატიური PCR ტესტის არსებობა ბოლო 72 საათის განმავლობაში. დღეს ახალი დადგენილება გამოდის, სადაც იქნება შესაბამისი რეგულაციები. თუ შემოდის ორჯერადად აცრილი ადამიანი, მას მაინც სჭირდება ნეგატიური PCR ტესტი, თუ ადამიანი შემოდის მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტით, მაშინ იმ ადამიანმა შემდგომი 72 საათის განმავლობაში უკვე თავისი ხარჯებით უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი. მას საზღვარზე მიეცემა 50-მდე ლაბორატორიის ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ჩაიტაროს PCR ტესტი, ისე რომ ქვეყნის დატოვებისას ჰქონდეთ მათ შესაბამისი საბუთი, რომ მეორე PCR-იც 72 საათში იყო უარყოფითი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ჯარიმა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ტურისტის სავალდებული დაზღვევა აუცილებელი იქნება, მათ შორის კოვიდის კომპონენტიც.