ნათია თურნავა: უახლოეს ისტორიაში მსგავსი მაღალი ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა

"აპრილში ისტორიული, ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პანდემიის ეფექტი რომ გამოვრიცხოთ და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადაროთ, ზრდა თითქმის 21%-ია. ერთი და მეორე მაჩვენებელი არის ისტორიული მაჩვენებელი. ჩვენს უახლოეს ისტორიაში, წინა წლებში მსგავსი ნახტომისებური ზრდა არ დაფიქსირებულა. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, არა განვითარება, გაჯანსაღება, არამედ ნახტომი", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სფეროში ასეთი ნახტომი იძლევა შესაძლებლობას, სრულებით დაიფაროს პანდემიის შედეგები და ქვეყანა გადავიდეს პოზიტიურ დინამიკაში.

მისივე თქმით, ეს შედეგები, პირველ რიგში პოლიტიკური სტაბილურობით არის განპირობებული.

„როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მეტი ნდობა ეკონომიკისადმი და მთავრობის ნაბიჯებისადმი, ინვესტიციების განხორციელებისათვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით და მთლიანად საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საწინდარი, რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი“,-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მისი თქმით, ეკონომიკის ზრდაზე გავლენას ხვალიდან სახმელეთო საზღვრების გახსნაც იქონიებს. „აღსანიშნავია ისიც, რომ ეკონომიკის ასეთმა ზრდამ ნათლად აჩვენა, რომ წელს ტურიზმი 2019 წლის შედეგების მინიმუმ 40% აღადგენს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა 2021 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის მოცულობა წინა წლის აპრილთან შედარებით 44.8%-ით გაიზარდა