პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 7 მაისს განაახლა. ცვლილება მხოლოდ საჰაერო საზღვარს ეხება. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
"საჰაერო გზით შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს, ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს პოლონეთის რესპუბლიკაში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტულადაც", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც უვიზო მიმოსვლა ითვალისწინებს.
"მგზავრი იმ შემთხვევაში გათავისუფლდება სავალდებულო იზოლაციისგან, თუკი კორონავირუსის საწინააღმდეგო სწრაფ ტესტს ჩაიტარებს პოლონეთის რესპუბლიკაში ჩამოფრენისთანავე, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის გავლამდე და ტესტის ნეგატიურ პასუხს წარუდგენს მესაზღვრეს პოლონურ, ან ინგლისურ ენაზე (მიუხედავად აღნიშნული ბრძანებისა, ჯერჯერობით, პოლონეთის აეროპორტებში, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლამდე არსებული ტერიტორია არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით). თუმცა, მგზავრს, ამ ეტაპზე, ასევე შეუძლია შემოვიდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, 48 საათის განმავლობაში გაიკეთოს ნებისმიერი ტექსტი და ტესტის პასუხი წარადგინოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციაში. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია სავალდებულო 10 დღიანი კარანტინისგან (თვითიზოლაცია). თვითიზოლაციის ვალდებულებისგან ასევე თავისუფლდებიან ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილი მოქალაქეები, რომლებიც წარადგენენ აცრის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეს საჰაერო გზით ნებისმიერი მიზნით შეუძლია პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა, ტრანზიტული მიზნით პოლონეთის ტერიტორიის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ მგზავრებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლეს, არასრულწლოვან შვილს), რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ან ევროკავშირის რეზიდენტის ბარათი", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.