1-ელ ივნისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნინო დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა - ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა - სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.

მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.